გავახმოვანეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში, შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები და ეს წინაპირობები ყველამ იცით, რას უკავშირდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საუბარია სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე და არა მმართველი გუნდის შეურაცხმყოფელ ნაბიჯებზე, ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა მეორეხარისხოვანი, ეს უკავშირდებოდა იგივე ელჩის გაწვევის საკითხს და შემდეგ გათავისუფლების საკითხს. დღემდე, უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში, რაიმე განსხვავებული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს. მეორე, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, მოვისმინეთ შერბილებული განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს არ არის საკმარისი. როცა ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადოდ ან დადასტურება ან უარყოფა, არც ერთი არ მოგვისმენია. მესამე, ალბათ ყველაზე პრინციპული საკითხი, ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე არის ის, რომ დღემდე, ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, არიან უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე წარმოდგენილნი. ესენი არიან სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და არახამია, ეს არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე რომ გვქონდეს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც არიან უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კრიმინალებად აღიარებული, იკავებდნენ თანამდებობებს საქართველოში, რა თქმა უნდა, უკრაინის ინტერესებში იქნებოდა ამ ვითარების მოგვარება, რომ ორმხრივ მეგობრობას რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეექმნას”, – განაცხადა კობახიძემ.