ახალი ამბები პოლიტიკა

“შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას” – დარჩიაშვილი კულებასთან შეხვედრაზე

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ხანმოკლე შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

“NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა, ხანმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს დარჩიაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მინისტრების ვიზიტს ბრიუსელში, წინ უძღოდა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია შედის.

ამას მოჰყვა კულებას განცხადება, რომლითაც მან ქართულ მხარეს მოსთხოვა, წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში არ ეხმარებიან.

ამ ინფორმაციას აბსურდი და ამაზრზენი ბრალდება უწოდეს “ქართული ოცნების” გუნდში.

საქართველო და უკრაინა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის არის, რომლებიც NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არიან მიწვეული.

იტვირთბა....