„თედო ბიძია, გილოცავთ, მიყვარხართ“ – ასე მიულოცა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თედო ჯაფარიძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა.
გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს. ასამბლეის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, თედო ჯაფარიძე დასახელდა.
ჯაფარიძე ასამბლეის დებატებისას პედრო აგრამუნტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გიგი უგულავა საქართველოში დამნაშავედ ცნეს ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივად გამოყენებაში, საქართველოში კი კანონზე მაღლა არავინ დგას.
“პრეზიდენტმა აგრამუნტმა თავისი გამოსვლისას ერთი ქართული სახელი ახსენა და ის პოლიტპატიმრად შეაფასა. ეს ადამიანი საქართველოში დამნაშავედ ცნეს ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ გამოყენებაში. გაინტერესებთ, მიხარია, თუ არა რომ ეს ადამიანი ციხეშია? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. რადგან საქართველო არ არის ხელწამოსარტყამი ბიჭი, რომელსაც ხელს ნებისმიერი წამოარტყამს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ეს მნიშვნელოვანია ყოველთვის, მაგრამ არჩევნების წელს… განსაკუთრებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო აგრამუნტმა თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას “პოლიტპატიმარი” უწოდა. აგრამუნტიმ უგულავა ასამბლეაზე, საინაუგურაციო სიტყვისას მოიხსენია.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 25 -29 იანვარს გაიმართება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.