ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

არასამთავრობოები საარჩევნო კოდექსის არსებულ რედაქციის წინააღმდეგ

 

არასამთავრობო ორგანიზაციები გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „სამართლიანი არჩევნები“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – არასათავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან საარჩევნო კოდექსის არსებულ რედაქციას, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის (გამგებელი/მერი, საკრებულო), ასევე, პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მაშინაც კი, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არ არიან აღნიშნულ საარჩევნო ოლქში.

“გარდა აღნიშნულისა, ვფიქრობთ, რომ სამხედრო მოსამსახურეებისათვის უფლების მინიჭება, აირჩიონ იმ მუნიციპალიტეტის მერი, ან მაჟორიტარი, სადაც ისინი არ არიან რეგისტრირებულნი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის ან არჩევნების შედეგების მანიპულირების საფრთხის შემცველია. მით უფრო, ისეთ ვითარებაში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად იხსნის უფლებას და პასუხისმგებლობას, შეამოწმოს, სამხედრო დანაყოფის მიერ გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა სია აკმაყოფილებს თუ არა საარჩევნო კოდექსით დადგენილ კრიტერიუმს (რომ თვითმმართველობის არჩევნებში მოსამსახურე დისლოცირებული უნდა იყოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1 ან მეტი წლის ვადით).

აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, გამონაკლისი პრივილეგიის მინიჭება, მონაწილეობა მიიღონ გამგებლის არჩევნებში იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩევლები არ არიან, სხვა მხრივაც გაუმართლებელია. კერძოდ, საარჩევნო ოლქში გამგებლის არჩევნების შედეგებს, როგორც ერთის მხრივ სამხედრო მოსამსახურეზე, ასევე, მეორეს მხრივ სხვა საარჩევნო ოლქის ამომრჩევლელის უფლებრივ მდგომარეობაზე, არანაირი ეფექტი არ გააჩნია. სამხედრო სამსახური მკვეთრად ცენტრალიზებულია, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის გავლენა სამხედრო მოსამსახურის უფლებრივ თუ ფაქტობრივ მდგომარეობაზე ძალიან პირობითია”. – ნათქვამია განცხადებაში.

“მეტრონომი” სამართლიანი არჩევნების იურისტს ნინო რიჟამაძეს ესაუბრა.

“საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, სპეციალური უბნები როდესაც იქმნება, სამხედრო ნაწილში ჯარისკაცებს ხმის უფება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დისლოკაციის ვადა არის ერთი წელი, ან ერთ წელზე მეტი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად ამ სამხედროებს დისლოკაციის ერთწლიანი ვადა აქვთ, ან მეტი, ეს საკითხი უნდა შეამოწმოს საოლქო კომისიამ. როგორც ჩვენ ვიცით, საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო სია და შექმნა აღნიშნული სპეც-უბანი ამ სიების საფუძველზე”. – აცხადებს რიჟამაძე.

მისივე თქმით ამ სიების გადამოწმება კომისიის მიერ არ მოხდა.

“მეტრონომი” ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერთან, ანა მიქელაძესთან შეეცადა გაერკვია, მოხდა თუ არა ამ სიების გადამოწმება.

“კანონმდებლობის მიხედვით, თავად საარჩევნო კოდექსი ადგენს სამხედრო პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს და ამ კანონის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები უნდა იქნენ შეყვანილი ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ხოლო ამომრჩეველთა სპეციალური სიის მონაცემებს ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და ამ ინფორმაციას გადასცემს საოლქო კომისიას – ამ შემთხვევაში გარდაბნის საოლქო კომიასიას. გარდა ამისა, კანონში ნათლად არის მითითებული 32-ე მუხლში ის პირები რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში უნდა იყვნენ შეყვანილი ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში. კანონში პირდაპირ წერია, რომ სამხედროები, რომლებიც დისლოკაციის ადგილას იმყოფებიან არჩევნების დღისთვის ერთი წლის, ან ერთ წელზე მეტი ვადით, აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში. სამხედრო პირების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს, ანუ სიის შედგენაზე პასუხისმგებელია არა საარჩევნო ადმიანისტრაცია, არამედ შესაბამისი სამხედრო დაწესებულების ხელმძღვანელი.” – აცხადებს მიქელაძე.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....