ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ვინ არიან პუტინის შვილები? – BBC-ის სტატია რუსეთის პრეზიდენტის ოჯახის შესახებ

BBC რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილების შესახებ სტატიას ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, როდესაც საქმე ოჯახს ეხება, პუტინი დიდ სიფრთხილეს იჩენს. ასე მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პრესკონფერენციაზე მისი ქალიშვილების ვინაობის შესახებ ჰკითხეს.

“ჩემი ქალიშვილები ცხოვრობენ და სწავლობენ რუსეთში. ვამაყობ მათით. ისინი სამ უცხო ენაზე გამართულად საუბრობენ. ჩემს ოჯახს არავისთან არ განვიხილავ, არასდროს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, წარმართოს საკუთარი ბედი, ისინი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და ამას ღირსეულად აკეთებენ”, – განაცხადა პუტინმა.

იმის მიუხედავად, რომ პუტინს საკუთარი საქმიანობისგან შვილების დისტანცირება სურს, აშშ-ს მიერ გამოცხადებული სანქციების ახალი პაკეთი სწორედ მათ – 36 წლის მარია ვორონცოვას და 35 წლის კატერინა ტიხონოვას შეეხო.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ პუტინი თავისი აქტივების დიდ ნაწილს ოჯახის წევრებთან მალავს და ამიტომ ამოვიღეთ ისინი მიზანში”, – განაცხადეს ოფიციალურ ვაშინგტონში.

პუტინის ქორწინება

ვლადიმერ პუტინს შვილები ყოფილი ცოლისგან, ლუდმილა პუტინასგან ჰყავს. წყვილი 1983 წელს დაოჯახდა. მაშინ პუტინი კგბ-ს ოფიცერი იყო, ლუდმილა კი სტიუარდესად მუშაობდა. მათმა ქორწინებამ 30 წელს გასტანა.

“ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პუტინი რუსეთის პოლიტიკური სისტემის მწვერვალისკენ სწრაფი ტემპით მიიწევდა”, – წერს BBC.

წყვილი ერთმანეთს 2013 წელს დაშორდა, რის შემდეგაც, ჟურნალისტებთან ერთობლივი კომენტარის გაკეთებისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ეს მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო – “ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ. ორივე ჩვენგანს საკუთარი ცხოვრება აქვს”, – თქვა მაშინ პუტინმა, ლუდმილამ კი დასძინა – “ის მთლიანად სამუშაოშია ჩაფლული”.

ვინ არიან პუტინის შვილები? 

პუტინის უფროსი ქალიშვილი, მარია ვორონცოვა 1985 წელს დაიბადა. მან სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგია შეისწავლა, მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კი მედიცინას დაეუფლა. მარია ენდოკრინულ სისტემაზე სპეციალიზებული პროფესორი და მოსკოვის ენდოკრინოლოგიურ-კვლევითი ცენტრის მეცნიერია. ის ბავშვებში ზრდის შეფერხების შესახებ დაწერილი წიგნის თანაავტორია.

“ამასთან, ბიზნესმენიცაა. BBC Russia-ს ცნობით, ის იმ კომპანიის თანამფლობელია, რომელიც მსხვილი სამედიცინო ცენტრის გახსნას გეგმავს”, – ნათქვამია სტატიაში.

მარია ვორონცოვა ჰოლანდიელ ბიზნესმენზე, ჯარიტ ფაასენზე დაქორწინდა, რომელიც წლების წინ რუსულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია “გასპრომში” მუშაობდა. თუმცა, ვრცელდება ცნობები, რომ წყვილი დაშორებულია.

“ადამიანები, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჰქონდათ მარიასთან კონტაქტი, ამბობენ, რომ ის საკუთარ მამას მხარს უჭერს და საერთაშორისო საზოგადოებას უნდობლობით უყურებს”, – წერს “ბიბისი”.

დისგან განსხვავებით, კატერინა ტიხონოვას მეტად იზიდავდა საზოგადოების ყურადღება იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად გამოდიოდა პუბლიკის წინაშე, როგორც როკ-ენ-როლის მოცეკვავე.

“2013 წელს, მან და მისმა პარტნიორმა მეხუთე ადგილი დაიკავეს საერთაშორისო კონკურსზე”, – ნათქვამია სტატიაში.

კატერინა პუტინის დიდი ხნის მეგობრის შვილზე, კირილ შამალოვზე დაქორწინდა.

“მათი ქორწილი სანქტ-პეტერბურგის ელიტურ სამთო-სათხილამურო კურორზე გაიმართა. პერსონალის თქმით, წყვილი ცერემონიაზე ციგით მივიდა, რომელსაც სამი თეთრი ცხენი ჰყავდა შებმული”, – წერს “ბიბისი”.

2018 წელს, შამალოვი აშშ-ს საქნციების ქვეშ მოყვა რუსეთის ენერგეტიკურ სექტორში მისი როლის გამო. როგორც ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, “ქორწინების შემდეგ, მისი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა”.

არსებული ინფორმაციით, წყვილი ერთად აღარ არის.

ახლა კატერინა ტიხოვა ბისნეს და სამეცნიერო საქმიანობით არის დაკავებული. 2018 წელს, ის რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებში აქტიურად ჩნდებოდა ნეიროტექნოლოგიებზე სასაუბროდ. ასევე, მონაწილეობდა 2021 წლის ბიზნეს-ფოტუმში.

“არც ერთ ასეთ შემთხვევაში, ნახსენები არ ყოფილა მამასთან მისი ურთიერთობა. ამბობენ, რომ არც ერთი, ზემოთხსენებულ ქალთაგან, არ ატარებს დიდ დროს პუტინთან”, – წერს “ბიბისი”.

როგორც BBC აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დააკავეს ორი რუსი აქტივისტი, რომლებიც საფრანგეთის ქალაქ ბიარიცაში, ფეშენებელურ ვილაში შევიდნენ, რომელიც არსებული ინფორმაციით, პუტინის ყოფილ სიძეს ეკუთვნოდა და იქ უკრიანის დროშა აღმართეს.

ვლადიმერ პუტინს შვილიშვილებიც ჰყავს, რომლებიც 2017 წელს, ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ახსენა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელი შვილისგან და რამდენი შვილიშვილი ჰყავს.

“რაც შეეხება ჩემს შვილიშვილებს, ერთ-ერთი უკვე საბავშვო ბაღში დადის. გთხოვთ, გამიგოთ, არ მინდა, რომ ისინი სამეფო ოჯახის პრინცებივით გაიზარდნონ. მე მინდა, რომ ისინი ისე გაიზარდნონ, როგორც ნორმალური ადამიანები”, – მოჰყავს BBC-ის პუტინის სიტყვები.

იტვირთბა....