ბათუმში, 2022 წლის იანვარში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს, – აღნიშნულის შესახებ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ქალმა თვითონ აცნობა და მას დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს.
პატარაია ასევე აცხადებს, რომ პოლიციას არც დამნაშავე დაუკავებია.
“შემთხვევა მიმდინარე წლის ძველით ახალ წელს მოხდა, როდესაც უკრაინელი ქალი, ლუდმილა საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში დღესასწაულის აღსანიშნავად თავის მეგობართან იმყოფებოდა, სადაც მისთვის უცნობი ალკოჰოლური თუ სხვა ტიპის ნივთიერება მიაღებინეს, შემდეგ კი სხვა ადგილზე გადაიყვანეს და ამის იქით დაზარალებულს კარგად აღარ ახსოვს, თუ რა ხდებოდა. გაუპატიურების მომენტებიც ძალიან ფრაგმენტულად ახსოვს, ისიც არ იცის, ერთი ადამიანი იყო მხოლოდ თუ რამდენიმე პირი მონაწილეობდა მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში.
როდესაც ქალი აზრზე მოვიდა, ის იყო გახდილი, ჰქონდა დაზიანებები და უკვე მეორე დღეს, 16 იანვარს მიმართა პოლიციას. პრობლემა იმაშია, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ მთელი რიგი მოქმედებები არ ჩაუტარებიათ და დღემდე ამ ქალს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.
ლუდმილა ჩვენს ორგანიზაციას 3 კვირის წინ დაგვიკავშირდა, რადგან მიაჩნდა, რომ გამოძიება ეფექტურად არ ტარდებოდა. აგრეთვე, მან მოგვიყვა, რომ მეორე დაკითხვის დროს არ ჰყავდა თარჯიმანი და ქართულად დაწერილ ტექსტს მოაწერინეს ხელი, შესაბამისად მან არ იცის, თუ რაზე აქვს ხელი მოწერილი. რადგანაც მას არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, ჩვენც არ გვეძლევა საშუალება, გავეცნოთ საქმის მასალებს.
ლუდმილა გვეუბნება, რომ ის ხშირად ხედავს იმ ერთ მოძალადეს, რომლის ამოცნობაც შეუძლია და საქმეში შემაკავებელი ან დამცავი ორდერიც კი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ქალს შიში აქვს, როდესაც მოძალადეს ხედავს. ის თავისუფლად გადაადგილებდა და ლუდმილას საცხოვრებელთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობს. ეს დამოკიდებულება სქესობრივი დანაშაულის მიმართ არაფერი თუ არა დისკრიმინაცია, როგორც გენდერული ასევე ეთნიკური ნიშნით”, – აცხადებს ბაია პატარაია.
ქალთა უფლებების ორგანიზაცია “საფარი” ითხოვს მიენიჭოს უკრაინელ ქალს დაზარალებულის სტატუსი, პოლიციამ კი დამნაშავე დააკავოს.

