ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩევნების ბოიკოტის სიამოვნებას ხელისუფლებას ვერ მივანიჭებთ”

“ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, სპეც-უბნები უქმდება გარკვეული გამონაკლისებით.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას კაციტაძემ აღნიშნა ეს იშვიათი გამონაკლისები უნდა იყოს, რადგან  სპეცუბნების აბსოლუტური გამორიცხვა არ შეიძლება.

„გამონაკლისებში შედის ავღანეთში მყოფი ჩვენი მებრძოლები, რომლებიც სპეცუბნების გარეშე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და მათ ხმას ვერავინ ჩამოართმევს. ასევე, ვინც ნაოსნობაშია გასული, საქართველოს მოქალაქეები, სპეც-უბნებში ხმის მიცემის საშუალება მათაც უნდა მიეცეთ. ეს უნდა იყოს იშვიათი გამონაკლისები ანუ სპეც-უბნების არსებობის  აბსოლუტური გამორიცხვა არ შეიძლება. ეს არ უნდა იყოს ისე, როგორც დღეს გვაქვს – სადაც უნდა იქ იქმნება სპეც-უბანი და შემდეგ მათზე ზემოქმედება ძალიან მარტივია“ – განაცხადა კაციტაძემ.

სპეცუბნების გაუქმების შედეგი მისი თქმით არის ის, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შეეძლებათ  ხმა იქ მისცენ, სადაც რეგისტრირებულები არიან.

„იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არ არის და ისინი არიან დისლოცირებული და ყაზარმული მდგომარეობაა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხმის საშუალება მათ არ ეძლევათ. ასეთ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევებში შეიძლება სპეცუბნები დაიშვას“ – აღნიშნა კაციტაძემ.

კითხვაზე, გამოუცხადებენ თუ არა ბოიკოტს გარდაბნის გამგებლის არჩევნების მსგავსად საპარლამენტო არჩევნებსაც, თუ მთავრობა მაჟორიტარულ სისტემას არ გააუქმებს, მან გვიპასუხა, რომ აღნიშნული ინციდენტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისთვის ბრძოლაა და ხელისუფლებას ასეთ სიამოვნებას საპარლამენტო არჩევნებისას ვერ მიანიჭებენ.

„მაგ სიამოვნებას ვერ მივანიჭებთ საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან კაპიტულაცია გამოცხადდება“ – განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის გამგებლის არჩევნებს ბოიკოტი 13–მა არასაპარლამენტო პარტიამ გამოუცხადა. სპეციალურ მიმართვაში მათ განაცხადეს, რომ ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეულ ცვლილებებსა და 2016 არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ამ ფორმით, კიდევ ერთხელ მოითხოვს.

კაციტაძის თქმით, არჩევნებამდე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოსწრებადობის პრობლემა საბოლოოდ უნდა მოიხსნას.

„საბოლოოდ უნდა მოიხსნას მოსწრებადობისა და ვერ მოსწრებადობის პრობლემა, საკითხი დგება ასე: კოალიცია „ქართულ ოცნებას”, ან უნდა ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ან მას უნდა, რომ ისევ მოიპაროს და მიითვისოს დამატებითი მანდატები”, – ამბობს კაციტაძე.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა ბეჟან გუნავამ განაცხადა, დღეს პრემიერ-მინისტრსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე გაირკვა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი გუნდურად უნდა გადაწყდეს.

მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში სამართლიანობის საკითხი დაბალანსდება.

„რატომ ვითხოვთ გაუქმებას და მაჟორიტარული სისტემა ისეთია, რომ ამა თუ იმ სუბიექტმა შეიძლება აიღოს 5%, მაგრამ შეიძლება შევიდეს პარლამენტში უმრავლესობაში. ეს არასამართლიანი სისტემაა. ჩვენ უნდა გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომ აღებული პროცენტის შესაბამისი წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ამიტომაც გვინდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამ შემთხვევაში მანდატებისა და მიღებული ხმების რაოდენობა გათანაბრდება“ – აღნიშნა გუნავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სპეც-უბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია.

“სპეც-უბნებს, როგორც ასეთს, ჩვენ ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ატვირთულია. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები და ვიმსჯელოთ ერთად, განვიხილოთ ის არგუმენტები, რომლებიც თქვენ გაქვთ და ასევე, მოისმინოთ არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია,” – განაცხდა კვირიკაშვილმა.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....