ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: სანქციების აღსრულებაში ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებაზე, რომლითაც მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, დაამტკიცონ, რომ რუსეთს არ ეხმარებიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

დეგნანის შეფასებით, უკრაინული მხარის პოზიცია, რომ საქართველო შესაძლოა რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდეს, ძალიან სერიოზული განაცხადია და მის განხილვაჭი სამთავრობო არხების გამოყენებაა აუცილებელი.

“ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომლის განხილვაც მედიის წინაშე უნდა მოხდეს. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და მის გადასაჭრელად აუცილებელია, მოხდეს სამთავრობო არხების გამოყენება”, – მოჰყავს “ინტერპრესნიუსს” კელი დეგნანის სიტყვები.

აშშ-ს ელჩმა ასევე ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქნციების როლი და ის, რომ მათი აღსრულების პროცესში ყველა ერთიანი იყოს.

“სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ [ვლადიმერ პუტინი], შეწყვიტოს ეს ომი. სანქციების აღსრულებაში ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზეწოლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც სანქციებს ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ სანქციების რეჟიმი დარჩეს მჭიდრო ქსელად, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლის რეჟიმზე, შეწყვიტოს ომი. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია”, – აცხადებს დეგნანი.

ცნობისთვის, დმიტრო კულებას განცხადებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და უკრაინული მხარის ბრალდებებს ამაზრზენი უწოდა.

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.

 

იტვირთბა....