უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა სააგენტო Интерфакс-Украина-სთან ინტერვიუში ისაუბრა ზარალზე, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად მიადგა. მისი თქმით, ქვეყნისთვის უკვე მიყენებული ეკონომიკური და ინფრაქსტრუქტურული დანაკარგებისა და ასევე, შემდგომ წლებში მოსალოდნელი ეფექტების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ უკრაინის ზარალი 1 ტრილიონს გადააჭარბებს.
“ზარალი ირიბად არის გამოთვლილი და მომდევნო წლებში დანაკარგების გათვალისწინებით, ტრილიონ დოლარს სცდება”, – ამბობს უკრაინის პრემიერი.
დენის შმიგალის თქმით, ქვეყნის დანაკარგები სამკომპონენტიანი სისტემით განისაზრღვრება:
პირდაპირი ინფრასტრუქტურული ზიანი:
“ის, რაც პირდაპირი ნგრევის შედეგად მივიღეთ – ხიდები, გზები, სახლები, შენობები, თუმცა, ეს ციფრები ყოველდღიურად მზარდია. ამჟამად, ჩვენი შეფასებით ზარალი დაახლოებით $120 მილიარდია. თუ სამხედრო ინფრასტრუქტურას და სამოქალაქო ხარჯებსაც გავითვალისწინებთ, ეს რიცხვი 270 მილიარდ დოლარს აჭარბებს”.
ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი:
“თლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ვარდნა საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში. ეს არის დაკარგული მოგება და არშემდგარი ინვესტიციები. ჩვენი გათვლებით, დაკანარგი 290 მილიარდ დოლარზე მეტია”.
ზარალი, რომელიც მშპ-ს შემცირების გამო სახელმწიფოს მომავალში მიადგება:
“ომამდე ჩვენ გვქონდა გეგმები, თუ როგორ უნდა გაზრდილიყო ჩვენი ეკონომიკა. საწარმოები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის მოგება უნდა მოეტანა, ახლა განადგურებულია. ამიტომ, ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი კორექტირება იქნება”.
უკრაინის პრემიერის თქმით, უფრო დეტალური გაანგარიშებისთვის დაკარგული ქონების რეესტრი შეიქმნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დაარეგისტირიოს საკუთარი დანაკარგები.
“ჩვენ გვექნება ზუსტი, თითქმის ბუღალტრული სიზუსტით შესრულებული აღრიცხვა”, – აღნიშნა შმიგალმა.
როგორც გამოცემა UNIAN სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2021 წელს უკრაინის მშპ 3,4-ით იყო გაზრდილი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.