უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია რუსეთს შეუმჩნეველი არ დარჩება”.
“რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და “მადლობის გადახდას“ დაჰპირდა. თბილისი – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?”, – წერს ნიკოლენკო Twitter-ზე ქართულ ენაზე.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში უკვე ერთი თვეა, სრულმასშტაბიან ომს აწარემოებს, რის გამოც მსოფლიოს ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები მას სანქციებს უწესებენ.
ამ ფონზე, ხელისუფლების სათავეში მყოფი “ქართული ოცნების” ოფიციალური პოზიციით, ჩვენი ქვეყანა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.