ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი პოზიცია უცვლელია – საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი – საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ომში საქართველოს ჩაბმის მცდელობაში.

“მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს სახელმწიფოსა და ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში… ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინელების მიმართ განსაკუთრებულია, თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც, საქართველოს ხელისუფლებას ეს საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია. გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს. მოვუწოდებთ “ომის პარტიას” ნაციონალური მოძრაობის სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაცის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეკონომიკური სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს. საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს –  საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....