China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737 თვითმფრინავი, რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ Boeing 737-800, შიდა მარშრუტით ქალაქ კუნმინიდან გუანჯოუში მიფრინავდა, როდესაც ჩამოვარდა გუანქსის პროვინციაში, გორაკზე.
სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან კატასტროფის ადგილთან, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია, ასევე უცნობია რა გახდა ავარიის მიზეზი.
FlightRadar24-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი 6 წლის იყო.
საგულისხმოა, რომ ბოლო ათწლეულის მონაცემებით, ჩინეთის ავიახაზების ინდუსტრია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
საავიაციო უსაფრთხოების ქსელის თანახმად, ჩინეთში ბოლო ავიაკატასტროფა 2010 წელს მოხდა, როდესაც დაბალი ხილვადობის გამო Embraer E-190 რეგიონული თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან 44 დაიღუპა.