“ეს შეიძლება შეადარო ხანძრის ჩაქრობის მცედელობას, ცეცხლში შეშის შეკეთებით”, – ასე შეაფასა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლი იუჩენმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. იუჩენგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პეკინს სანქციები პრობლემის გადაჭრის გზად არ მიაჩნია და თვლის, რომ ეს სიტუაციას მხოლოდ გაართულებს.
ჩინელი დიპლომატი იმასაც ამბობს, რომ სხვა ქვეყნები “მეზობლების შიდა პოლიტიკაში” არ უნდა ჩაერიონ.
“ის, ვინც სხვის ცეცხლს სულს უბერავს, საკუთარ წვერს მიიწვავს. საჭიროა ერთმანეთის პატივისცემა და მეზობლების შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევისგან თავის შეკავება. ამჟამად აშშ და ევროპა შეუჩერებლად აძლიერებენ რუსეთთან მიმართებაში სანქციებს. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის რთულ პროცესში, ეს კიდევ ერთი ისეთი შემთხვევაა, რომელიც ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავს. ამასთან, ეს გაუმართლებელ ზიანს აყენებს ქვეყნის მაცხოვრებლების კეთილდღეობას”, – ამბობს ის.
დასავლური მედიის ცნობით, ეს განცხადებები ლი იუჩენმა პეკინში უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.
შეგახსენებთ, CNN-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფომაცია, რომლის მიხედვითაც, ჩინეთმა გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთს სამხედრო ძალით დახმარებოდა. ამას თეთრ სახლში გაკეთებული განცხადება მოყვა, რომლის მიხედვითაც, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინასთან ომში დახმარებას აღმოუჩენდა, ამას “მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვებოდა”. ამის შემდეგ კი NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩინეთს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.