,,ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით… არც ბელადომანი ვარ და კარგად მოგეხსენებათ, ბევრ ქართველზე მეტი გამიკეთებია და კიდეც გავაკეთებ პოლიტფეტიშიზმის წინააღდეგ… რასაც ახლა ვიტყვი, მეორე რესპუბლიკის ტრაგედიაა და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ: ნეტავ რომელს რა აქვს გაკეთებული ამ დამოუკიდებლობის მისაღწევად? ტექსტის შედგენაში მაინც თუ აქვთ მიღებული მონაწილეობა და რამდენი აცნობიერებდა იქედან, რას აწერდა ხელს…? განა არ იციან, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულად ერთი კაცის გაკეთებულია?!
მართლა აღარაფრისა რცხვენია ამ ხალხს ფულის გულისთვის!
და კიდევ: ჩემი ღრმა რწმენით, ზოგადად პარლამენტარს საერთოდ არ ჭირდება სამარადისო პენსია სიცოცხლის მანძილზე. ამდენ მუქთახორას კიდევ კარგად უძლებს ეს ბედკრული ქვეყანა!” – წერს თავის ფეისბუქზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია.
შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ამის შესახებ „კომერსანტთან” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური საუბრობს. მისი თქმით, შესაბამისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია.
მეჭიაურის განცხადებით, ეს ადამიანები თვეში 560 ლარის ოდენობის პენსიას ისედაც იღებენ. თუმცა, 3000 ლარამდე ზრდის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ მათ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს.
როდის განიხილავს პარლამენტი და უფრო კონკრეტულად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ ინიციატივას უცნობია, თუმცა, მეჭიაურის განცხადებით ის ამ საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს.