საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისისის საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია, რომლის მიზანიც, საქართველოში ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ქვეყანაში ოპოზიციის საქმიანობის შეწყვეტაა.
“დღეს, მე მინდა გავაკეთო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. სხვადასხვა დიპლომატიური წყაროდან და მათ შორის, ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან მომივიდა ინფორმაცია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია. თქვენ ხედავთ, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის “ომის პარტია”. იცით, მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველაზე კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, სახლში, ბომბავენ ჩემს მეზობლებს, ჩვენს ეზოს და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ომმა დამიტოვა ეს ტრავმა და მინდა იცოდეთ, რომ ომი მეზიზღება მსოფლიოში ყველაზე მეტად. თუ თქვენ დააკვირდით, ომზე არ საუბრობს არავინ, გარდა მთავრობისა. ჩვენგან, სიტყვა “ომი” არასდროს არ ყოფილა. ეს სერიოზული დაფიქრების წყაროა და მას შემდეგ, რაც მივიღე ეს ინფორმაცია, მივხვდი და გავშიფრე რას აპირებენ – იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც, ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს და რუსეთის მთავრობა საქართველოს მთავრობას მოსთხოვს დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, მთავრობა მზად იქნება გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ამავდროულად, პრაქტიკულად დაასრულოს და გაანეიტრალოს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა”, – აცხადებს სააკაშვილი.