ევროპარლამენტმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით გუშინ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, საქართველოში კონკრეტულ საქმეებზე დაკვირვების მიზნით, შესაძლოა, ექსპერტთა მისია გამოგზავნოს. დოკუმენტში საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საერთაშორისო ექსპერტთა მისიის გამოგზავნას, რომელიც საქართველოს მთავრობის იდეაა.
“ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის იდეას ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის მრჩევლებს, ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან იქნება დაკომპლექტებული იმისთვის, რომ დააკვირდეს “რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ საქმეს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
იმ საქმეების სასამართლო განხილვებზე მონიტორინგის განხორციელების წინადადებით, რომლებზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს, უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ მიმართა.