ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 10:45 საათზე მოხდა, რა დროსაც, ერთმანეთს შსს-ს ავტომანქანა და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორი შეეჯახა. ავარიას გადაურჩა ერთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ევაკუატორის მძღოლთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).