ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO უკრაინაში განვითარებულ კონფლიქტში მხარე არ არის და არ მისსწრაფვის რუსეთთან ომისკენ. როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ სტოლტენბერგმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“NATO არ არის კონფლიქტის მხარე. ნატო – ეს თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არ გვინდა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი, მაგრამ ამასთან, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს გაუგებრობა ჩვენს ცალსახა მზადყოდნასთან დაკავშირებით, დავიცვათ და შევაიარაღოთ ყველა მოკავშირე სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გავზარდეთ ნატო-ს ძალების წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, ამ სხდომის მიზანია, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის კონსულტაცია და კოორდინაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან და ამის გრძელვადიან შედეგებთან დაკავშირებით.
“ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს და ასევე, გასული ღამის განმავლობაში ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. ეს ყველაფერი მიუთითებს ამ ომის სიხისტეზე და მისი შეწყვეტის მნიშვნელობაზე, იმის მნიშვნელობაზე, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და კეთილსინდისიერად მიიღოს მონაწილეობა დიპლომატიურ განხილვებში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, იქ არსებულ ერთ-ერთ ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა.