საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უკრაინის საკითხებზე ჩანიშნული რიგგარეშე სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. როგორც “ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ სხდომაზე არგამოცხადების გამო, დღევანდელი დღე საქართველოს პარლამენტის სირცხვილს დღედ იქცა.
“მე არ შემიძლია, დღეს არ ვიყო ემოციური, რადგან ჩემი გული არის კიევში. დღეს არის სირცხვილის დღე, საქართველოს პარლამენტში; დღეს არის სირცხვილის დღე, საქართველოს ისტორიაში და არამხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ უბანში, აბალონზე რუსული დივერსიული ჯგუფები უტევენ უკრაინის თავდაცვით ძალებს და მათ შორის, მოქალაქეებს, რომლებიც ქალაქის თავდაცვაში არიან ჩართული, [“ქართულმა ოცნებამ”] სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები შეაგროვა და გადაწყვიტა, რომ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და პირველად საქართველოს ისტორიაში, არ გაეღო საქართველოს პარლამენტის დარბაზი. ჩვენ დღეს აქ უნდა გაგვეჟღერებინა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები და გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებულები ვართ; რომ უკრაინაში მიდის აგრესია”, – აღნიშნა დეკანოიძემ.
ამის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა უკრაინის ჰიმნი შეასრულეს.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დღევანდელ სხდომაზე არგამოცხადების მიზეზებზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი არა მეგობარი ქვეყნისადმი მხარდაჭერა, არამედ “უკრაინის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა” იყო.