პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ თქვა “ქართულმა ოცნებამ” უარი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობაზე, რომელზეც უკრაინაში განვითარებული მოვლენები უნდა განხილულიყო. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანი არა მეგობარი ქვეყნისადმი მხარდაჭერა, არამედ “უკრაინის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა” იყო.
“საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრებოდა სხდომას ორი მიზეზით: პირველი – რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის საკითხები ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს, კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში. ამას გარდა, მეორე მიზეზი გახლავთ ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოხატვა, არამედ უკრაინის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ შესაბამისი თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა მისი გამართვის განკარგულებას, თუმცა, იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” სხდომაზე დასწრებისგან თავი შეიკავა, მის გასამართად დეპუტატთა აუცილებელი მინიმალური რაოდენობა ვერ შეიკრიბა.