რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც რუსული ელიტის მისამართით ნათქვამი იყო – “აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეზე, ბრილიანტები ანტვერპენში”.
როგორც ზახაროვა ფეისბუქის გვერდზე წერს, დასავლეთს არ აინტერესებს ადამიანური მსხვერპლი და მისთვის მხოლოდ შოპინგის და წვეულებების თემაა მნიშვნელოვანი.
“ვიცოდი, რომ ჯოზეფ ბორელი თვითონ არ მართავდა თავის სოციალურ ქსელებს და არც კი იცის, რას წერენ მის შესახებ. ეს ასეა, მაგრამ ასეთი რამის გამოსყიდვა არ შეიძლება განათლების დაბალი დონის მქონე თანამშრომლებით. ბატონო ჯოზეფ, ეუთო-ს შეფასებით, დონბასში ომის დროს 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მოკლული ბავშვების მშობლებისადმი ერთი ტვიტი ან პოსტიც კი არ გამოქვეყნებულა თქვენი სახელით, ერთხელაც არ მოგითხოვიათ ლუგანსკში არასრულწლოვანთა უსაფრთხო ყოფის უზრუნველყოფა და არ მიგიმართავთ კიევის რეჟიმისთვის ნაციონალისტების შეკავების მოთხოვნით. ახლა, ჩვენთვის გასაგებია, რატომაც: შოპინგი და წვეულებები – აი რას აქვს სინამდვილეში მნიშვნელობა. “ცივილიზებული ქვეყნების” ასეთი ქცევა ადამიანური სახის დაკარგვას უკავშირდება. პატარა, მაგრამ საინტერესო კითხვა ჩნდება – ნორმალურია, როცა ევროპელ ჩინოვნიკებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიზნესის დაზარალება ახარებთ?”.
ცნობისთვის, ბორელის ტვიტი რუსეთის მიერ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ, პირველ ეტაპზე დაწესებულ საქნქციებს მოჰყვა.