ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თეთრი სახლი პუტინის განცხადებაზე: მზად ვართ სასწრაფოდ ვუპასუხოთ

თეთრი სახლი ეხმაურება ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა უკრაინის რეგიონები დონეცკი და ლუჰანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის პრესოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

„ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთის მხრიდან და მზად ვართ სასწრაფოდ ვუპასუხოთ. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კრძალავს აშშ-ის მიერ ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას უკრაინის დონბასის და ლუჰანსკის რეგიონში.

პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება გავრცელდება ყველა იმ პირსა თუ კომპანიაზე, რომლებიც უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას გადაწყვეტს. სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში გაავრცელებენ დამატებით დეტალებს. ასევე მალე გავავრცელებთ ინფორმაციას დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იქნება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან,”- წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების – ლუჰანსკისა და დონეცკის – დამოუკიდებლობის დეკლარაციას ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ამ სეპარატისტული რეგიონების ლიდერებთან ერთად “მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ” დეკლარაციებსაც მოაწერა ხელი.

მანამდე ამ საკითხზე მსჯელობა ვლადიმირ პუტინმა კრემლის მაღალი თანამდებობის პირებთან გამართა, სადაც მათ პრეზიდენტს საკუთარი პოზიციები უკვე გააცნეს. ყველა მათგანი ამბობდა, რომ რუსეთს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინა.

პუტინს გასულ კვირას რუსულმა „დუმამაც“ მიმართა, რათა მას ეღიარებინა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობა. დღეს კი ვლადიმირ პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტთა ლიდერებმა მიმართეს.

წყარო: ამერიკის ხმა

იტვირთბა....