ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

სააკაშვილი: მკურნალობის ნაცვლად, პუტინის დავალებით ჩემი ინვალიდიზაციის პროცესი მიმდინარეობს

ციხეში ჩემი მკურნალობა შეუძლებელია, ეს გამოიწვევს ინვალიდიზაციას, – აღნიშნულის შესახებ საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მის მიმართ პუტინის დავალებით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.

“ეს საკითხი არარის მხოლოდ ჩემი, არამედ სისტემის არჩევანის საკითხი, ხალხს აქვს არჩევანი უცხო ქვეყნებში გადახვეწასა და საკუთარ შვილებთან ყოფნას შორის. მე მქონდა არჩევანი კომფორტული ცხოვრების, რომელიც მივატოვე და საქართველოში ჩამოვედი. ასევე მაქვს არჩევანი შიმშილით სიკვდილსა და მშვიდად ყოფნას შორის.

ყველა დასკვნამ დაადასტურა, რომ ციხეში მკურნალობა შეუძლებელია და ეს გამოიწვევს ინვალიდიზაციას. ეს ნიშნავს გადაადგილების და აზროვნების უნარის შეზღუდვას. ამ დასკვნაზე ხელმოწერა ეკუთვნის საუკეთესო სპეციალისტებს. უცხოელები ხედავენ რა ხდება საქართველოში, ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა პუტინის დავალებით.

გორის კლინიკაში მოხსნეს ხელმძღვანელი იმისათვის, რომ მეორედ ფორმა 100 აღარ გამოწერა. თამარ აბაშიძეც მოხსნეს თანამდებობიდან, რადგან მან თქვა სიმართლე. არ უშვებენ ექიმებს, რათა მათ სიმართლე არ ისაუბრონ. ორჯერ დავკარგე გონება და დახმარების ნაცვლად აკრძალეს ექიმის და ექთნის შემოსვლა საკანში, ეს ახალი ნორმაა. ეს პირველი და მეორე – ერთი კვირის წინ გადაწყდა, რომ 6 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ არსებობს. ესაც მათი გადაწყვეტილებაა.

ჰოლანდიელი და ამერიკელი ნერვოლოგები იყვნენ ჩამოსულები და არავინ არ შემოუშვეს და ყოველ წუთში კეტავენ სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებას. ეს არის სიტუაცია და არ მგონია უბრალო დამთხვევა იყოს. ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები. ასევე უკრაინელ ექიმთა კონსილიუმი , რომელიც ზელენსკის დავალებით ასეთ რთულ ვითარებაში შეიქმნა.

ასევე მე ვითხოვ, 24 საათიანი ექიმის მომსახურებას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შემდეგ რაც გორის ჰოსპიტალში თავს დამესხნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ჩემი სამკურნალოდ გამგზავრება. აქ არა მკურნალობა, არამედ პუტინის დავალებით ჩემი ინვალიდიზაციის პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

იტვირთბა....