შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 18 თებერვალს ამერიკელ ხალხს მიმართა და მათ უკრაინის საზღვარზე რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის შესახებ ესაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა.
„ამ მომენტში მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [ვლადიმირ პუტინს] გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ამის [თქმის] საკმარისი მიზეზები გვაქვს“, – უთხრა მან გამოცემა “ბლუმბრეგის” ჟურნალისტს, დასმულ შეკითხვაზე პასუხად. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ეს დასვკნა, ამერიკის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას ეყრდნობა. თუმცა, პრეზიდენტს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. „მანამ, სანამ ის ამას იზამს, დიპლომატია ყოველთვის შესაძლებელია“, – თქვა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ, ისინი მიზანში ამოიღებენ უკრაინის დედაქალაქ კიევს, სადაც 2,8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს“, – თქვა ბაიდენმა.
საკუთარ გამოსვლაში, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს „საბაბი“ იპოვოს უკრაინაში შესაჭრელად და მოსკოვი ბრალს დებს უკრაინას, რომ კიევი ემზადება ომისთვის, რაც „ლოგიკას მოკლებულია”.
წყარო: ამერიკის ხმა