ახალი ამბები პოლიტიკა

მდინარაძე – ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსთავში პარტია “ლელოს” მიერ წარდგენილი კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში დამარცხდება.

მდინარაძის თქმით, პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას “ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება”

“დავაკვირდეთ, დაუჭერს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” მხარს ბადრი ჯაფარიძეს, მგონია, რომ დაუჭერს, რადგან ეს ერთი ორგანიზმია. აქედან გამომდინარე, ეს ვარაუდი მაქვს. ამ შემთხვევაში, თუ ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერენ, მისი წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ კანდიდატს, ნულს ქვევით იქნება მისი წარმატების შანსი. ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს, ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება და მის მიმართ საბოლოო განაჩენი, მათ შორის პოლიტიკური იქნება რუსთავის მოსახლეობის მხრიდან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია “ლელო -საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, შუალედურ არჩევნებში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

დღეს, “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, შალვა ნათელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
იტვირთბა....