სამწუხაროდ საქართველოს ისტორიამ არ შემოგვინახა დიდგორის ომში ფხოველთა ჯარის მონაწილეობისა და ბრძოლის ამბავი. შევეცადეთ, გაგვეცოცხლებინა „გმირთა მიმქრალი სახელი“.
ვფიქრობთ საინტერესო იქნება ეს პატარა მოთხრობა ქართველებისთვის და განსაკუთრებით ფხოველებისათვის (ფშავლებისა და ხევსურებისათვის).
ფხოველები დიდგორის ომში – გმირთა გამქრალი სახელი
კართანის ციხის კარზე გუშაგმა დაუსტვინა, რიჟრაჟი მთის წვერებს სისხლისფრად ნათლავდა. გაღმა მხარეს მეორე გუშაგი გაეხმიანა და კარიბჭის მთავარი მცველნი ფეხზე დააყენა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ფხოველთა საზღვარს ვიღაც უახლოვდებოდა. არაგვის ნაპირზე კლდეში გამოკვეთილ ვიწრო ბილიკზე ორი ცხენოსანი ნელი სვლით მიარბოლებდა თავის ბედაურებს, რადგან ფხოვის ვიწრო ბილიკებზე სიარული ძალზედ სახიფათო იყო.
მთავარ გასასვლელში ცხენოსნებს შემართულმა შუბებმა გადაუღობა გზა. ვინა ხართო, მკაცრად იკითხა გუშაგმა. მეფე დავითის გამოგზავნილი მანდატურები გახლავართო შეეხმიანნენ ისინი გუშაგს. გუშაგმა თავის მხრივ ნიშანი მისცა ციხეში. იქიდან ციხისთავი ცხენზე ამხედრებული ჩამოვიდა არაგვის ჭალაში. მეფის მანდატურთა ხილვაზე ცხენიდან დაქვეითდა და ცალმუხლზე დაჩოქილმა თავაზიანი სალამი მისცა მეფე დავითის გამოგზავნილ მსახურთ. ციხისთავმა მანდატურები მთავარ ციხეში აიყვანა. ცხენები კი მსახურებს საძოვარზე დააბმევინა. მანდატურები დიდ დარბაზში შეიყვანა.
თავაზიანი პატიჟით დათვისა და ირმის ტყავებით მორთული მუხის ლამაზი სკამები შესთავაზა. მანდატურები ჩამოსხდნენ. მსახურებმა მალე შემოიტანეს სახელდახელოდ ნაღვერდალზე გამოშუშული ირმის მწვადები. არაგვიდან ამოტანილი წითელწინწკლება კალმახები ხის შამფურებზე წამოცმული და ლამაზად დაბრაწული. თიხის ხელადებით ლუდიც მოიტანეს, პატარა ყანწებში ჩამოასხეს და დავით მეფის ყმებს დაალევინეს.
სტუმრები დანაყრდნენ, ციხისთავი ხმას არ იღებდა და ელოდებოდა რას იტყოდნენ დავით მეფის მიერ გამოგზავნილი შიკრიკები.
სადილის მერე კარგ მოსვენებას გისურვებთო ალაპარაკდა ციხისთავი, თუ ძალიან დაღლილები არა ხართ იქნებ არაგვის ჭალებშიც გავიაროთ წავინადიროთო. სამაგისოდ არ გვცალიაო სიტყვა დასძრა მოსულთაგან უფროსმა, მეფის დავითის მიერ ვართ სასწრაფოდ გამოგზავნილი. დღესვე უნდა ავიდეთ ლაშარში და ლაშარის ჯვრის თავხევისბერსა და თემების ხევისბრებსაც გავესაუბროთო. მეფის დავითის დანაბარებს სწორედ მათ ვაცნობებთ და შემდეგ მთელი ფხოვისათვის ცნობილი გახდებაო. რა გაეწყობოდა ციხისთავმა მსახურებს ცხენების მოყვანა უბრძანა, შეაკაზმვინა. ორის სხვა მხედარიც დაიბარა და მათთან თანხლება უბრძანა. დავით მეფის გამოგზავნილი ხალხი ლაშარში უნდა აიყვანოთო და ხევისბერს ნაკვეთაურს შეახვედროთო.
ცხენოსნები ციხეგორიდან დაბლა ნელა დაეშვნენ და არაგვის ჭალაზე მიმავალ ბილიკს გაუდგნენ. ორწყალში ციხის ქონგურზე ცეცხლი აინთო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ხეობაში ვიღაც შემოდიოდა. ცეცხლი მალე ციხეგორსა და მუქოს კოშკებზეც აანთეს. ცხენოსნები კი შეუსვენებლივ მიაჭენებდნენ თავიანთ ცხენებს არაგვის ნაპირებზე. შუაფხოში შეისვენეს, იახსრის ხევისბერმა თავის დარბაზში მიიწვია მეფე დავითის ყმები. ხინკლითა და ლუდით გაუმასპინძლდა, მოსვენება სთხოვა, მაგრამ სტუმრები ძალიან ჩქარობდნენ ლაშარში ასვლას. არაგვის ჭალეში ცხენოსანთა მოძრაობა მალე ყველა საგუშაგოსთვის შესამჩნები გახდა და სიგნალმა ხოშარას, დამასტესა და ბოლოს ლაშარამდეც მიაღწია.
ლაშარის ხევისბერი ნაკვეთაური მთავარ სალოცავში ჩამოვიდა. ხატის დარბაზი მოაწესრიგა და მომსვლელებს ფხოველთა მთავარი სათათბიროს კარიბჭესთან დაელოდა.
შუადღე გადასული იყო, როდესაც მხედრებმა ლაშარს უწიეს. დაქანცული ცხენები ქვემოთ ჭალაში საბალახოდ მიუშვეს და ლაშარის ჯვრის საბრძანისისკენ ფეხით განაგრძეს გზა. ხევისბერს უკვე აცნობეს მალემსრბოლებმა სტუმართა ვინაობა და იგი საპატიო სტუმრებს გამოეგება, მერე საქართველო და მისი ძლირი მეფე დავითი დალოცა, დროში ზანზალაკები შეახმიანა, სამჯერ ზარს შემოჰკრა და მერე სტუმრები სათათბიროდ იხმო.
ფხოველთა სათათბირო ლაშარში ღია ცის ქვეშ დალაგებულ ქვის სკამებს წარმოადგენდა. აქ იყო თავხევისბრის მთავარი სკამი და ორივე მხარეს ჩამწკრივებული ფხოველთა თემების ხევისბერთა სკამები. ახლა ამ სკამებბზე რამდენიმე ხევისბერი იჯდა, რადგან ყველას მოსვლა ვერ მოესწრო.
მეფის გამოგზავნილი ხალხი საპატიო ადგილას დასვეს. დანარჩენებიც დალაგდნენ და სმენად იქცნენ. სტუმართა შორის უხუცესი წამოდგა და ქუდი მოიხადა, ხალხს გადახედა და დაიწყო: ჩვენ, აქ, ფხოვში მეფე დავითმა გამოგვაგზავნა და გვინდა მოგაწოდოთ მეფის სიტყვა, რომელიც კარგად ვიცით, რომმ თქვენთვის კანონია. სრულიად საქართველო „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ დღეს გასაჭირშია.
თურქების მთელი სასულთნოები გაერთიანდა და საქართველოს განადგურებას აპირებენ. მათ გულს უხეთქავს დავითის სახელი და საქართველოს ასეთი გაძლიერება. ამიტომ მეფე დავით სჭირდება ჯარი, მაგრამ არა უბრალოდ ჯარი, არამედ ძლიერი, მტერთა მძლეველი ჯარი, დაუმარცხებელი და მეფეს ფხოველთა იმედი აქვს, რადგან კარგად იცის, რომ ფხოველებისთვის ომში შიში არ არსებობს. იცის, რომ ფხოველნი ომში ან იმარჯვებენ ან კვდებიან. ისინი ცოცხალი თავით შინ დამარცხებული არასდროს ბრუნდებიანო. ომი ძალიან მძიმე იქნება, რადგან ჩვენს დასალაშქრად ემზადება თურქთა უთვალავი ლაშქარი. მთელი მაჰმადიანური სამყარო.
ხევისბრებმა ერთმანეთს გადახედეს მერე ნაკვეთაური წამოდგა ლაშარის დროშა ზეაღმართა და თქვა: მეფის სიტყვა ფხოველებისთვის კანონია. ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და მხოლოდ მეფეს ვემორჩილებით, ამიტომ სასწრაფოდ დავიბაროთ ყველა ხევისბერი და მთელ ფხოვში ლაშქრის წვევა მიბრძანებიაო. ოღონდ ეს არ იქნება ქუდზე კაცი. ჩვენ მხოლოდ დარჩეული, ძლიერი, ჯანსაღი და თავდადებული მეომრები გვჭირდებაო.
ფხოვურ თემებში ვიწრო ბილიკებით მხედრები ცხენებს მიაჭენებდნენ. მეორე დღეს ლაშქრის წვევის შესახებ ყველა თემმა დაწვრილებით იცოდა.
გათენდა დათქმული დღე. ფხოვის ყველა თემებიდან დაიწყო მხედრების მოსვლა. მხედრები ლაშარის გორზე შეგროვდნენ. ლაშარის ხევისბერმა დალოცა ჯარი, მეთაურები დაუდგინა და შეკრებილი მხედრობა არაგვის ხეობით ბარისკენ დაეშვა.
მეფე დავითის მზვერავები და შიკრიკები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობდნენ. ჯარები იკრიბებოდა და საომრად ემზადებოდნენ. რამდენიმე დღეში ფხოველთა მხედრობაც ბარში ჩამოვიდა და მცხეთასთან მეფე დავითის ჯარს შეუერთდა. საველე ბანაკში მდგარი მეფე განმარტოებულიყო. მსახურისთვის ებრძანა მისთვის საყვარელი წიგნების მოტანა და წიგნს კითხულობდა. კარისკაცი შემოვიდა კარებთან აიტუზა და მეფის ყურადღების მოლოდინში სუნთქვაც კი შეეკრა.
მეფემ შემოსულ კარისკაცს ძალიან მალე შეხედა და უბრძანა, მომახსენე სათქმელიო. დიდო მეფეო, ფხოველთა შეიარაღებული რაზმი ჩამოვიდაო დღეს ფხოვიდან. ჩვენს ჯარს შეუერთდნენ და შენს ყურადღებას ელიანო. ხომ იცი ფხოველები ძალიან ამაყნი არიან და თავს მხოლოდ მეფისთვის სწირავენო. დავითმა იმ წამს მიატოვა წიგნის კითხვა და თორნი გადაიცვა, წავიდა და მაცნე წინ გაიძღოლა.
ფხოველთა რაზმთან მიახლოებისას გოგოლაური, მთავარი წინამძღოლი დაწინაურდა და მეფის წინაშე ცალ მუხლზე დაიჩოქა. დიდო მეფეო შენი ბრძანებით შენი ერთგული ფხოველნი გეახლნენო, სულ დარჩეული მებრძოლები სამშობლოსათვის სიკვდილი, რომ არად მიაჩნიათო.
მეფემ ხელი გაუწოდა, თორიან ფხოველს მერე თვალი მოავლო ირგვლივ შემოჯარულ ანთებულ თვალებს და სიამის ღიმილმა გადაუარა სახეზე. მტერი ვერ მოგვერევა თუ თქვენ და თქვენნაირი მრავალი კიდევ გვერდზე მეყოლებაო.
დ ი დ გ ო რ ი – „ძლევაი საკვირველი“ – მსოფლიო ისტორიას ასეთი მაგალითები არ ახსოვს. იმ ძალით, რა ძალაც მეფე დავითს ჰყავდა უთვალავი მტრის დამარცხება იყო სასწაული.
ფხოველთა მხედრობა თანდათან თხელდებოდა, საომარი ველი კი გოლიათი ვაჟკაცების სხეულებით იტვირთებოდა. თურქები გარბოდნენ და ქართველები მისდევდნენ. მოისრა უთვალავი მტერი.
საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოდ დარჩა….
დილის ნისლში გახვეულიყო არაგვის ჭალები, ნისლი შემოსდგომოდა კართანის შემოგარენს. საგუშაგო კოშკზე გუშაგი კვლავ ფხიზლობდა. კართანის კარიბჭესთან ცხენების ფეხის ხმა გაისმა, გუშაგმა ნიშანი მისცა, მცველები ადგილზე იყვნენ. პირველმა ცხენოსანმა გაიარა ვიწრო ბილიკი, უკან ბრუნდებოდნენ ომიდან დაბრუნებული გმირები. ზოგი მთლად საღი, ზოგი კი დაჭრილი და დაკოდილი. ციხისთავი ჩამოეგება და გოგოლაურს დაჭრილ-დაკეჭნილ შუბლზე დააჩერდა.
გოგოლაურმა თქვა : ვინ იცის ისტორია შეინახავს თუ არა ჩვენი გმირობის ამბავს, ჩვენი სახელი საქართველოსთვის დღესაც უცნობია და ხვალაც უცნობი იქნება, მაგრამ გმირობა გმირობად დარჩება, ალალი იყოს საქართველოსთვის ჩვენი დაღვრილი სისხლი…..
ავტორი – მარიამ ხულიაშვილი