ახალი ამბები პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციას კონკრეტული გეგმა და ფორმატი შევთავაზეთ

ოპოზიციას მართლმსაჯულების საკითხებზე კონკრეტული გეგმა და ფორმატი შევთავაზეთ, არა მხოლოდ ვერბალური პოლიტიკური პაექრობა, არამედ ჯანსაღი და ცოცხალი პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამუშაო ჯგუფი უკვე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს შეისწავლის.

ოპოზიციას მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა და ფორმატი შევთავაზეთ; კერძოდ, გაკეთდეს შეფასებითი წერილობითი დოკუმენტი 29 თებერვლის ჩათვლით, სადაც ოპოზიციური ჯგუფები დოკუმენტს ერთობლივად ან ცალ-ცალკე მოამზადებენ, სადაც აქამდე განხორცილებული რეფორმების შეფასება და ანალიზი ობიექტურ ინდიკატორებზე დაყრდნობით გაკეთდება.

ამ დოკუმენტების შედგენის შემდგომ გვექნება დისკუსია, შესაბამის ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრები და კონსულტაციები.

ეს პერიოდი დამატებით ერთ თვეს გასტანს და იმის მიხედვით, თუ რაზე შევთანხმდებით, რა საკითხების იდენტიფიცირებაც მოხდება, დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილებები ისე, რომ მუშაობა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დასრულდეს.

ოპონენტებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ვერბალურ პოლიტიკურ პაექრობას, არამედ მტკიცებულებებზე დაფუძნებით წერილობით შეფასებას, რაც არის ჯანსაღი და ცოცხალი პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის შენარჩუნებას და გაგრძელებას.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ორიენტირებული ვართ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური დოკუმენტის შექმნაზე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს.

იტვირთბა....