“ვაქცინაციის აქტიური განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია პანდემიის დასასრულებლად. 70% არის სასურველი სამიზნე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ანტივაქსერული განწყობები ვაქცინაციის პროცესს აფერხებს.
“მიუხედავად ვაქცინების ხელმისაწვდომობისა, ანტივაქსერული განწყობები და დამოკიდებულება აფერხებს ამ პროცესს. რეკომენდაციებში ისევ რჩება აქტიური საინფორმაციო კამპანია, ვაქცინაციის მარათონი, განსაკუთრებით სოფლებში და ვაქცინებით მომარაგების უწყვეტობა. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაც ასახულია გეგმაში. ყველაზე კარგი წამახალისებელი ღონისძიება აღმოჩნდა ფინანსური წახალისების მექანიზმი. როდესაც ნოემბრიდან დაიწყო ეს პროგრამა, საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ და ეს გაფართოვდა 50 წელს გადაცილებულ პირებზე. ვაქცინაციის ახალ გეგმაშიც ასევე გათვალისწინებულია და რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია ფინანსური წახალისების მექანიზმის გამოყენება. მთავარი სამიზნეა კვლავ არის მაღალი ასაკობრივი ჯგუფი, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამუშაო ადგილებზე ვაქცინაციის წახალისება-ხელშეწყობა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ “ქრონიკის” ეთერში.