“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია საგანგაშოა.
“მე მინდა დღეს ვისაუბრო ქართული სახელმწიფოს იმ დიდ სირცხვილზე, რომელიც მდგომარეობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში. დღესაც, ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში ვსხედვართ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, ის საჭიეროებს მედიკოსების ჩართულობას, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით მას ამის უფლება არ აქვს. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს პაციენტის მკურნალობა და მიმდინარეობს თუ არა საერთოდ, მის უფლებადამცველებს არ აქვთ. გორის ჰოსპიტალიდან გადაყვანის შემდეგ ასეთ ცნობებზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ იმ ადამიანებს, ვინც წესით და კანონით უნდა იცავდნენ მის უფლებებს. როდესაც სახელმწიფო კონსილიუმიდან დაწყებული, ალტერნატიული კონსილიუმის ჩათვლით და ასევე სახალხო აპარატთან არსებული კონსილიუმის რეკომენტაციების გათვალისწინებით აუცილებელია მისი სასწრაფო და დაუყონებლივი მკურნალობა, ის არ გადის არანაირ მკურნალობას და ეს პროცესი, რომელიც ამ მდგომარეობისთვის გვაქვს არის კრიტიკული და საგანგაშო”, – განაცხადა ხერხეულიძემ.
დეპუტატის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმისთვის გაუქმდა, რომ მას სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე ჰქონდა წვდომა. ხერხეულიძე ამ სამსახურს შესაბამისი ჩანაწერების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.
“ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანული მოპყრობა და წამების ფაქტების ამსახველი მასალა აქვს ამ სამსახურს. ნებისმიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი დასკვნა დადოს ამ საკითხთან დაკავშირებით, იხურება და სიცოცხლე არ უწერია. ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც თავად აწარმოებს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მე მოვითხოვ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან, საჯარო გახდეს ფაქტები, რომლებიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის წამებას და მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, როგორც გლდანში გადაყვანის ეპიზოდზე, ასევე გორის ჰოსპიტალში განხორციელებულ ზეწოლაზე და მუქარაზე. არავის გაკვირვებია, სახელმწიფოსგან გაკეთებული განცხადება, რომ ეს მასალა წაიშალა”- აცხადებს ხერხეულიძე.
შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარლამენტო ბოიკოტი იმ მიზნით შეწყვიტა, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ექპრეზიდენტის მიმართ შესაძლოა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებს შეისწავლის.