ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გაზეთ The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი ასევე მსჯელობს ნატო-ს ალიანსისთვის სამხედრო გემებისა და საფრენი აპარატების გაგზავნის შესაძლებლობაზე.
“ეს ნაბიჯი გარდამტეხი მომენტი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, რომელიც აქამდე უკრაინის საკითხთან მიმართებაში თავშეკავებულ პოზიციაზე იდგა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პროვოცირების შიშით. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ პუტინმა უკრაინის მიმართ თავისი მუქარისშემცველი მოქმედებები გააქტიურა, ხოლო, ამერიკულ და რუსულ მხარეს შორის მოლაპარაკებებმა მას ამაზე ხელი ვერ ააღებინა, ადმინისტრაცია ახლა უარს ამბობს “პროვოცირებისგან თავშეკავების” სტრატეგიაზე”, – წერს “ნიუ იორკ თაიმსი” წყაროზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, მერილენდში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბაიდენს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომელიც აშშ-ს სამხედრო აქტივების რუსეთის საზღვართან რაც შეიძლება მიახლოების საშუალებას მისცემს. როგორც The New York Times წერს, შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყვნებში 1000-დან ხუთი ათასამდე სამხედროს გაგზავნა, ხოლო სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მათი რაოდენობის ათჯერ გაზრდა. საუბარია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, რომელშიც ესტონეთი, ლატვია და ლიტვა შედიან.
“ეს ზუსტად ის სცენარია, რომლის თავიდან აცილებაც ვლადიმერ პუტინს სურდა, რადგან ხედავდა, რომ დასავლეთის სამხედრო ალიანსი სულ უფრო უახლოვდება რუსეთის საზღვრებს”, – განუცხადა გაზეთს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
როგორც ცნობილია, რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000 მებრძოლი და სამხედრო ტექნიკა ჰყავს განლაგებული და ბელარუსში რუსი სამხედროები ჰყავს განლაგებული.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეგეი ლავროვმა ჟენევაში, აშშ-ს სახემწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთი ამერიკისგან ამ კვირაში ელოდება პასუხს მათ მიერ წამოყენებულ “უსაფრთხოების გარანტიებთან” დაკავშირებით. რუსეთის მოთხოვნაა, ნატო-მ შეწყვიტოს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოება და ამასთან, საკუთარი ძალები გაიყვანოს ბულგარეთიდან და რუმინეთიდან.