რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე რუსულმა მხარემ გაიმეორა მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს. როგორც გამოცემა TASS წერს, ლავროვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიაზე წერილობით პასუხს ვაშინგტონისგან შემდეგ კვირაში ელოდება.
“დღეს უკრაინაზე ვისაუბრეთ. ჩვენი ამერიკელი კოლეგები ისევ შეეცადნენ, წინა პლანზე წამოეწიათ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული პრობლემები. საბოლოო ჯამში, იმაზე შევთანხმდით, რომ შემდეგ კვირაში ჩვენს ყველა შეთავაზე წერილობით პასუხს გამოგვიგზავნიან”, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვის თქმით, ნატო დღეს რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს.
“ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს. ეს ბლოკი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეიქმნა, ახლა კი მუშაობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლავროვმა.