არასამთავრობო ორგანიზაციები სანატორიუმ “ქართლის” შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს და 16 იანვარს მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან. განცხადებაზე ხელმომწერების შეფასებით, სახელმწიფომ უგულებელყო დევნილთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილის სიკვდილიც უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია.
“სანატორიუმი ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტი მედია და პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით 16 იანვარს დადგა, როცა 52 წლის დევნილმა კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად ადგილზე თავი მოიკლა.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია”, – წერენ არასამთავრობოები.
როგორც განცხადებაში აღნიშნული, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილები წლების განმაბლობაში აპროტესტებდნენ მძიმე საცხოვრებელ პირობებს, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ 2015 წელს ჩატარებულმა ექსპერტიზამაც აჩვენა, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია, სახელმწიფომ ამ დრომ არ უზრუნველყო დევნილთა განსახლება.
“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო, ქალთა ფონდი “სოხუმი”, საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის