ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება.

“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა 100% წილის მფლობელი ეტაპობრივად გახდა უცხოური კომპანია „ESOL B.V“, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე  – რ.ა. წარმოადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ სს „კაპიტალ ბანკი“ ეწეოდა ბანკის ფინანსური მდგომარეობისთვის საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკას და სისტემატურად არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაუუქმდა საბანკო ლიცენზია და „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდაცია განხორციელდა.

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზემოაღნიშნული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას.”, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულზე ფიზიკური პირებისთვის სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევ არის გათვალისწინებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მსგავსი საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოსავლენად.

იტვირთბა....