ჩემთვის ვამბობდი, ამ კაცს ფული მაინც აქვს და საკუთარი ფულით მაინც გამოისყიდის აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მეთქი,- აცხადებს მამა პეტრე კოლხი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით.
როგორს ღია წერილში ვკითხულობთ, მამა პეტრეს ოცნებები სამწუხაროდ გაქრა და ჩაიკარგა.
„არ იცით, როგორი იმედი მქონდა, გული სიხარულით მიცემდა… ჩემთვის ვამბობდი, ამ კაცს ფული მაინც აქვს და საკუთარი ფულით მაინც გამოისყიდის აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მეთქი… მიამიტი ვარ, არა?! ვოცნებობ, ალბათ?! ჰოდა, თქვენ გამიჩინეთ ამის იმედი და მეც გეუბნებით, რომ ეს იყო ჩემი ქართული ოცნება… მაგრამ ოცნებაც გაქრა, ოცნებაც ჩაიკარგა…
ამ ათი წლის მანძილზე, მარტო ის მესმის, რომ წინამორბედი ხელისუფლება იყო მოძალადე, ქართული სახელმწიფოს მტერი, დამნაშავე და ა.შ. მთელი ეს წლები ხელისუფლებამ მარტო ამაზე ისაუბრა, მარტო ეს ,,დაგვანახა”, რომ სულზე მოგვისწარით, თორემ დავიღუპებოდით… დიახ, თქვენი პარტიის ერთადერთი ხელჩასაჭიდი ის აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობას სძულდა ნაციონალური მოძრაობა… თქვენზე გამართლდა სიტყვები-,,ზოგი ჭირი მარგებელიაო”, თორემ ამ უნიათო ხელისუფლებას სხვა რა უშველიდა, აქამდეც რომ მოეღწია…
მაინც მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც იმედი გაგიცრუათ, თქვენ მიერ დაარსებული პარტიის წევრებმა, თავიანთი არაპროფესიონალიზმით და უმოქმედობით… იმედია, არც თქვენ მოგწონთ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში პრემიერისგან იმის მოსმენა, თუ როგორი მზარდი ეკონომიკა გაგვაჩნია… შეიძლება ის სხვა რეალობაში ცხოვრობს… არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენც იქ გადაგვასახლოს და ჩვენც დაგვანახოს, როგორ აყვავდა და აშენდა ქვეყანა…
ბატონო ბიძინა, მე ერთი რიგითი სასულიერო პირი ვარ, ძალიან არ მიყვარს პოლიტიკობანა და საკუთარი თავის მხარედ წარმოჩენა… არ მიყვარს, ვიღავის მეხოტბეობა… მხოლოდ ერთადერთი ავტორიტეტი მყავს, იესო ქრისტე და ეს საკმარისია ჩემთვის“, – წერს პეტრე კოლხი.