News ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რასმუსენი: საქართველოს ნატოს მაგიდასთან ადგილს დავპირდით, დროა, პირობა შევასრულოთ

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემულ პირობას ახსენებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი ქვეყანა NATO-ს წევრი გახდებოდა. როგორც ჟურნალში Politico გამოქვეყნებულ მიმართვაში რასმუსენი აღნიშნავს, დროა, ნატომ სამოქმედო გეგმა შეიმუშავოს იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც ამ ორ ქვეყანას 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მისცა.

“ჩვენ საქართველოს და უკრაინას ნატოს მაგიდასთან ადგილს დავპირდით და ახლა, ამ პირობის შესასრულებლად გეგმის შემუშავების დრო მოვიდა. უკიდურეს შემთხვევაში, შეგვიძლია ეს იმ პირობით გავაკეთოთ, რომ ნატოს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას გულისხმობს, მხოლოდ თბილისისა და კიევის კონტროლირებად ტერიტორიებზე გავრცელდეს”, – წერს რასმუსენი.

ამ წერილით, რასმუსენი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანების პირობა მიიღო, უნდა გაუქმებულიყო. რასმუსენის თქმით, NATO-მ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცეს არანაირი გარანტია ჩრდილოატლანტიკური კავშრის გაფართოების მომავალთან დაკავშირებით.

“რუსეთს ხელი აქვს მოწერილი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცის 1999 წლის ქარტიაზე, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ “ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს და შეცვალოს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, შეთანხმებები ალიანსების შესახებ“. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რუსეთის მიერ ახლახანს დასმულ დე-ფაქტო ვეტოს“, – ნათქვამია წერილში.

იტვირთბა....