რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ზორკინმა განაცხადა, რომ რუსეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მოვლენების ასეთ განვითარებას ის ნაკლებად სავარაუდო თვლის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.
როგორც ზორკინმა თავის ახალ წიგნში „კონსტიტუციური სამართალი: პროცედურა და მნიშვნელობა”, დაწერა, რომელიც გამოქვეყნებულია სასამართლოს ვებსაიტზე, სიკვდილით დასჯის მორატორიუმის შემოღება, ოდესღაც გახდა დათმობა ფასეულობებზე, რომლებიც არ არის დამახასიათებელი რუსული ეროვნული სამართლებრივი ცნობიერებისთვის.
„სიკვდილით დასჯის საკითხი არ შეიძლება დაიხუროს მანამ, სანამ განზრახ მკვლელობებია, ბევრი რამ არის დამოკიდებული რუსეთის ზოგად სამართლებრივ ვითარებაზე, იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა წინსვლას „ძლიერი, თვითდაჯერებული კანონის უზენაესობის“ შექმნაში.
ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნის კანონიდან გასვლა იმ მორალური და რელიგიური შეხედულებების მიმართულებით, რომლებიც დგანან სიკვდილით დასჯის პრინციპული უარის თქმის პოზიციებზე, წარმატებული იქნება რუსეთისთვის“, – წერს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი.
მან ქვეყანაში შემოღებულ სიკვდილით დასჯის მორატორიუმს „დათმობა, თანასწორობის სამართლებრივი პრინციპის მოთხოვნებიდან გადახვევა“ უწოდა.
ცნობისთვის, 2017 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ რუსეთში სიკვდილით დასჯის მორატორიუმის გაუქმება დასაშვებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების შემდეგ.
ამასთან, საგულისხმოა, რომ რუსეთში სიკვდილით დასჯა კანონით არ გაუქმებულა. 1996 წლიდან, ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთში ძალაშია სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე მორატორიუმი. 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოოდ აუკრძალა სასამართლოებს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.
ბოლო სასიკვდილო განაჩენი რუსეთში 1996 წელს იქნა აღსრულებული.