საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში კომუნიკაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი 1 საათის განმავლობაში გაუჩინარდა. ამის შესახებ გვარამია მთავარი არხის ეთერში საუბრობს.
“ქალბატონი გოგორიშვილი ამ კომუნიკაციის შემდეგ 1 საათი დაიკარგა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა სამჯერ გამოიძახა, მე ოთხჯერ ვთხოვე, რომ მითხარით, რას აკეთებთ… სამჯერ დაიკარგა. ამ კამერებიდან დაინახეს, რომ ჩვენ რაღაცას ვლაპარაკობთ, ვკითხულობთ, ვწერთ, და იქ უთხრეს, რომ რა ხდება… მერე ფორმა 100 მოიტანა და არ მოიტანა, მითხრა, რომ ვამუშავებთო. მე ვუთხარი, როგორ ამუშავებთ ფორმა 100-ს ახლა, თუ ფორმა 100-ით გუშინ გაწერეთ და უნდა წაეყვანათთქო და მოკლედ, ეს სრულიად გაუგებარი დარჩა”,- ამბობს გვარამია.
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით მოინახულა, მონახულების შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის გამოკითხვის ოქმი წაიკითხა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, მკურნალი ექიმი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელად მიაჩნია. მოგვიანებით, ნინო გოგორიშვილმა თქვა, რომ გამოკითხვის ოქმი, რაც ნიკა გვარამიამ წაიკითხა “ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ კი ფაქტების ინტერპრეტაცია.