ქართული ოცნების წევრის, გივი მიქანაძის თქმით, ისინი აშენებენ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემაზეა დამყარებული და სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს. ამის შესახებ მიქანაძემ იმედის ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემაზე არის ორიენტირებული. ის, რომ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არ უნდა იყოს მანიპულაციის საშუალება, რომ ვინმეს უფლებები ილახება. საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანის უფლებები იყოს დაცული ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის.
ვხედავთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან წამოწყებულია ერთგვარი სამოქალაქო შერიგების პროცესი, რომელიც არის კეთილშობილური განზრახვა, პარალელურად ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციას, რომლის ბელადი სააკაშვილი როგორ იქცევა, რა ფორმით ახდენს ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას. ამ ადამიანების დღის წესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნება”,- ამბობს მიქანაძე.