პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმება გულისხმობს იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
მისი თქმით, პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ოპოზიციის რადიკალური ბანაკი დაარწმუნოს, შეწყვიტონ დესტრუქციული როლი.
“რამე ტიპის თანამშრომლობა და პოლიტიკური შეთანხმება გულისხმობს იმ ყველაფრის სამართლიანად შეფასებას, რაც მოხდა, იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც დანაშაული ჩაიდინა. არჩევნების შედეგების პატივისცემას და კონსტიტუციური ფორმატების, მათ შორის, პარლამენტის გამოყენებას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ოპოზიციის რადიკალური ბანაკი დაარწმუნოს, რომ მათ ბოლოს და ბოლოს, 8 არჩევნებში დამარცხების შემდეგ, შეწყვიტონ დესტრუქციული როლი და შეასრულონ ის მოვალეობა, რაც მოსახლეობამ დააკისრა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

