ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

გოცირიძე: ქვეყანა, რომელსაც 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს, გაჩახჩახებული უნდა იყოს

ქვეყანა, რომელსაც 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს, გაჩახჩახებული უნდა იყოს. ახალ წელს მაინც. ამართლებს ეს ხარჯები.

ორი ათეული წელია ვისმენთ ერთსა და იმავე ისტორიას-რატომ არის საახალწლოდ განათებული თუ გადანათებული თბილისი. ვინმეს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, გამოუთქვმს პრეტენზია, არ გვინდა საახლწლო მორთულობებიო? უფრო იმაზე დაობენ, “ლუსტრა” უფრო უხდება თუ საყვირებიანი ანგელოზები. მე თუ მკითხავთ, არც ერთი და არც მეორე, მაგრამ რაღაცები ხომ უხდება?

იპარავენ ფულსო. ალბათ კი. გვახსოვს გაქუცული მილიონიანი ნაძვის ხე და კიდევ რაღაცები. ცუდია ქურდობა, ოღონდ ნუ გვავიწყდება, რომ სინამდვილეში სხვაგან იპარავენ ათეულ და ასეულ მილიონებს. წელიწადში ერთი  მილიონი ლარის ხარჯები ( ანუ სამასი ათასი დოლარი) ღირს გავიმეტოთ ზეიმის მოსაწყობად. არაა ეს სფერო ქალაქის მესვეურთა კორუფციული საქმიანობის მთავარი სარბიელი.

იპარავენ სულ სხვაგან და სულ სხვა მასშტაბებით.

დღეს შევიტყვეთ, რომ საკალათბურთო დარბაზის აშენებას, სადაც ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, “არ ჰყოფნის” ოცი მილიონი ლარი. 70 მილიონი ხომ აშოვნინეს საკუთარ კომპანიას, ახლა მეტი მოუნდათ. საბაბიც კარგი აქვთ-თურმე ვერ ესწრება და თუ ფულს არ გამოვძებნით, თამაშები შეიძლება სხვაგან გადაიტანონ. ეს რომ მოხდებოდა, ნათელი იყო. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვისაც ასე მოხდა: ვერ ვასწრებთო და თავდაპირველთან შედარებით თითქმის ერთი იმდენი წაუმატეს. ეს ნაცადი ხერხია: იგებენ ტენდერს იაფი შეთავაზებით ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიები და მერე აძვირებენ და ფულს იყოფენ. ასე არ მოხდა ჭავჭავაძის პროსპექტის მშენებლობისას?  ასე მოხდება ვაკის პარკის რემონტის დროსაც. მალე შევიტყობთ, რომ დასამთავრებლად “ფული არ ჰყოფნით”. ავტობუსების შემოყვანით იმდენი მილიონები მოიპარეს თბილისის ბიუჯეტიდან, რომელიც თბილისის საახალწლო განათებას ეყოფოდა ზუსტად 180 წლის განმავლობაში.

ჩვენ ვანათებთ ქალაქებს ჩვენს მიერ გადახდილი ფულით და არა ხელისუფლება. არც ქალაქის მორთვაში უნდა იპარავდნენ ფულს და არც მშენებლობებში, მაგრამ აქცენტების არასწორად დასმა (ანუ რატომ ვხარჯავთ გართობაზე ფულს) განუზომლად დიდი მასშტაბის ფულის ფლანგვისაგან ყურადღების სხვაგან გადატანას ემსახურება ძალაუნებურად.

სხვათა შორის, თბილისის საახალწლო განათებისთვის საჭირო ხარჯები იმაზე გაცილებით ნაკლებია, რამდენსაც ხელფასის სახით იღებენ ეროვნული ბანკის საბჭოს ან რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს (მაგალითად, სემეკის) წევრები. ღირს ახალი წელი მცირეოდენ ხარჯებად!

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.

იტვირთბა....