თანაცხოვრების პრინციპებზე შეთანხმება გვჭირდება, ეს არა პოლიტიკოსებს, არამედ საზოგადოებას სჭირდება,- ამის შესახებ პარტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რითაც ის ხელისუფლებასთან შესაძლო შერიგების საკითხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სანამ თანაცხოვრების პრინციპებზე შეთანხმება არ მოხდება, მანამდე მოქალაქეების პრობლემები ვერ მოგვარდება.
“ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს, რომ არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას ამ დაპირისპირებაში ქვეყანა დაიმსხვრეს. პირველ რიგში არ უნდა გვეგონოს, რომ ეს არის ჩვენი და ქართული ოცნების შერიგება. იმიტომ რომ არც გაბუტულები ვართ, ჩვენ გვჭირდება შეთანხმება თანაცხოვრების პრინციპებზე. ეს შეთანხმება პოლიტიკოსებს კი არ სჭირდება, არამედ საზოგადოებას.
სანამ არ შევთანხმდებით თანაცხოვრების პრინციპებზე, არცერთი ის პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, ეს ყველაფერი ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ არ არსებობს ამ ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული მმართველობა”, – აღნიშნა ხოშტარიამ.