განათლების სამინისტრო ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერებზე გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ამის შესახებ სამინისტრომ ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.
“წინა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორია მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლებოდა. ახლა, ისტორიის სახელმძღვანელოში შევიდა ცვლილება საქართველოს ისტორიის სწავლებასთან მიმართებაში და ისტორია როგორც დამოუკიდებელი საგანი, ისწავლება მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში – უძველესი პერიოდიდან თანამედროვე პერიოდამდე. საქართველოს ისტორია გაშლილია მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, ანუ პარალელურად განხილულია თუ რა მოვლენები მიმდინარეობდა. შესაბამისად, მე-9 კლასში მოექცა უახლესი პერიოდი და ამის მცდელობაა, რომ აისახოს უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის პერიოდში ყველა სახელმწიფო მმართველის შესახებ ინფორმაცია – დაწყებული პირველი პრეზიდენტიდან, მეორე პრეზიდენტით, ევროინტეგრაციით გაგრძელებული და ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი, რუსული ოკუპაცია და ა.შ. ყველა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გაშუქების მცდელობაა. ორი გრიფირებული წიგნი გვაქვს, რომელსაც გრიფი 2021 წელს მიენიჭა და წელს შევიდა ეს სახელმძღვანელოები სკოლებში. ვფიქრობთ, ძალიან მშრალად და კომპეტენტურად არის გადმოცემული ორივე წიგნში ეს ამბები. იქ ხაზგასმულია ევროინტეგრაციაზე, ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაზე, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. თუმცა, ეს პერიოდი ძალიან მოკლედ არის გადმოცემული. განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს თვითონ არ ქმნის.
სტანდარტში საკითხები არ არის მითითებული, თუ რა უნდა შევიდეს სახელმძღვანელოში, იქ უბრალოდ წერია, რომ საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნოს. ამიტომ არის ეს ორი ფაქტიც – ასოცირების შეთანხმება და 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაც დადასტურებული ფაქტებია. ამაზე აჟიოტაჟის ატეხა არ მგონია, სწორი იყოს. შეფასება არც 2012 წლის მოვლენების და არც წინა პერიოდის მმართველობის არ ხდება. მხოლოდ ფაქტად არის მოყვანილი. ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა. ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. რეცენზენტები და შემფასებლები ამას შეაფასებენ. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მოგვმართოს და სახელმძღვანელოს განმეორებით ბეჭდვაზე წასვლისას გასწორდება. ჯერჯერობით ამ ისტორიის სახელმძღვანელოზე უზუსტობა არავის დაუფიქსირებია.
სახელმძღვანელოები გრიფირებაზე რომ შემოდის, ინფორმაცია საჯაროდაც იდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. გარდა ამისა, შემფასებელთა კომისიაში შესულია აკადემიური წრის წარმომადგენელი, ორი მოქმედი პედაგოგი, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი, ასევე სხვა სპეციალისტი, რომელიც ამოწმებს დისკრიმინაციული და დისკრედიტაციული ენისგან რომ თავისუფალი იყოს სახელმძღვანელო, დაცული იყოს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ბალანსი, აღნიშნულ მიმართულებას. იდეალური ნაშრომი არ არსებობს, ყველა ნაშრომში რაღაც არის, მაგრამ ამ სახელმძღვანელომ გადალახა 90%-იანი ბარიერი, რაც არის დაწესებული, მიეცა რეკომენდაციები და საბოლოო სახე მიიღო ისეთი, როგორიც არის”,- ამბობს ჩიქოვანი.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ისტორიის სახელმძღვანელოზე ერთი წლის შემდეგ „კმაყოფილების კვლევა“ ჩატარდეს.
„სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით „კმაყოფილების კვლევა“ ჩატარდება ფოკუს ჯგუფებთან, სადაც მასწავლებლები, მშობლები იქნებიან და შენიშვნების გათვალისწინება მაშინაც მოხდება. ეს კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. სახელმძღვანელო წელს ჩაეშვა და ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, კვლევა რომ ჩავატაროთ“, – აღნიშნა ჩიქობავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული.
აღნიშულ სახელმძღვანელოში შესულ ერთ-ერთ თავში, აღწერილია ფაქტები და ინფორმაცია 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
სახელმძღვანელოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გრიფი 2020 წელს მიენიჭა.
“[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)”, – აღნიშნულია სახელმძღვანელოში.
2018-2024 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სასწავლო კურსის განმავლობაში მოსწავლე უნდა გაეცნოს საქართველოს ისტორიის უმთავრეს ეპიზოდებს უძველესი დროიდან დღემდე და დაუკავშიროს ისინი მსოფლიო ისტორიის საკვანძო მოვლენებს.
ცნობისთვის, სასკოლო სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეტანის საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ხვალიდან აღნიშნული ფაქტის გაპროტესტებას გეგმავს.

