ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრმა სახალხო დამცველს სააკაშვილის კლინიკურ მართვაში ექსპერტთა ჩართვა სთხოვა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევისა და ალტერნატიული აზრის მოსმენის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჩართვა 22 ნოემბერს სთხოვა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს საქმიანობას უცვლელად, თავდაპირველი შემადგენლობითა და მანდატით. მულტიპროფილურ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის ფუნქციას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ექსპერტიზა და სახალხო დამცველისთვის დასკვნების/მოსაზრებების წარდგენა.

განცხადებაში დაზუსტებულია, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მართვა სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მანდატს არ მიეკუთვნება. თუმცა, როგორც იქვე არის აღნიშნული, სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით.

„მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2021 წლის 20 ნოემბერს უკვე შეამოწმეს. პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები (დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა), რასთან დაკავშირებითაც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან. ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....