“თუ ვინმე საკითხს ასე სვამს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არის გასაღები ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების, ცდება, პირიქით არის საკითხი – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, ან არსებითად დასუსტება არის საჭირო, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდეს ზოგადად ყველას მიმართ და მათ შორის, სააკაშვილის მიმართ”, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში თქვა.
“ნებისმიერი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, მითუმეტეს ამ მოვლენების შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის, თავისთავად კარგი იქნება, უბრალოდ, მე ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ ივანიშვილი, ან მისი გარემოცვა ამას ახლა იხილავდეს სერიოზულად, ამიტომ, ვერ მოვატყუებ ვერავის ვისაც ეს საკითხი აღელვებს, გინდ სააკაშვილის მხარდამჭერი იყოს, გინდ უბრალოდ ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ პოლიტიკური მოტივით არავინ არ უნდა იდევნებოდეს. ეს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ამით საზრდოობს პოლიტიკური დევნით და ამ მაგალითის გამოყენებით ცდილობს ძალების გამოყენებას, რის გამო იზამს ამას?!
აქ მხოლოდ ორი ფაქტორი შეიძლება იყოს, სტრასბურგის გადაწყვეტილება პირდაპირი და მკაფიო, რომელიც არ იქნება 2-3 დღეში, ვგულისხმობ არსებით საქმეზე გადაწყვეტილებას, ან ვითარება ქვეყნის შიგნით ისეთი, სადაც შეუძლებელი იქნება, რომ ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ დააიგნოროს და გააგრძელოს ზოგადად პოლიტიკური დევნა და ამ შემთხვევაში სააკაშვილის პატიმრობა. ახლა ეს ვითარება შექმნილი არ არის არცერთი”. – ამბობს ბოკერია.