ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა გუნდმა ალტ-ინფომ პოლიტიკური პარტია დააფუძნა. პარტიას კონსერვატიული მოძრაობა ქვია. სადამფუძნებლო ყრილობა ექსპო- ჯორჯიაში გაიმართა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე.
„რას ვაპირებთ ჩვენ? ჩვენ რასაც ვაპირებთ პირდაპირ ვამბობთ. არაფერი იქნება დაფარული. ყველა ამ პრობლემის გასაღები არის კონკრეტულ ადგილას, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქი. კრემლში წყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედი. მოსწონს ეს ვინმეს, თუ არ მოსწონს, ჩვენ რა თქმა უნდა პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ ძმებთან, მაგრამ მაგ კონფლიქტის გასაღები მოსკოვშია.
რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული – თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა.
მზად ვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პარალელურად ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების და ეკონომიკური სისტემის საქართველოს ინტეგრაციაზე რაც მათი ინტერესია, ოღონდ ეს მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური მდგომარეობის და დემოგრაფიის გამოსწორების ხარჯზე“- განაცხადა ზურაბ მახარაძემ.