პარლამენტის მოშიმშილე წევრმა, დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩემი ამ რადიკალური ზომის – შიმშილობის ყველა ეტაპზე ჩემი პოზიცია იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩემი მოთხოვნა არის სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ღირსების უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, გუშინ მის სიცოცხლეს მიადგა დიდი რისკი. მე შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები თუ რა გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო ამ ვითარებიდან. გორის ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანა ამ ვითარებაში არის გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი. მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ფრთხილები, როდესაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს. ის უნდა იყოს გადაყვანილი ადვოკატთან ერთად და ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი. ამიტომ გორში გადაყვანა როგორც გადაწყვეტილება, ეს არის გამოსავალი. ველოდები და გავაგრძელებ ბრძოლას, რომ სააკაშვილის იყოს გორში უსაფრთხოდ. ვიმედოვნებ, რომ ხელოვნური ბარიერები აღარ შეაფერხებს ამ პროცესს. ველოდები ექიმს და მივყვები მის რეკომენდაციებს”,- ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სთავაზობენ გადავიდეს გორის ჰოსპიტალში, ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

