საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კახა კალაძეს პარლამენტში იბარებენ და მოითხოვენ, რომ ენერგეტიკის მინისტრმა მათ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.
ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლა არ უნდა მოხდეს და “არა გაზპრომს” – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.
“საქართველო დგება ვითარებაში, როდესაც კარგავს აზერბაიჯანს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და პოზიციები სუსტდება საერთაშორისო არენაზე. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მივმართავთ კალაძეს, მოვიდეს პარლამენტში და გაგვცეს პასუხები კითხვებზე.
გაზპრომის ყველაზე დიდი წილი კერძო მფლობელებიდან ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს გარემოება ბევრ კითხვას აჩენს, რომ მოლაპარაკებებში კალაძე ივანიშვილს წარმოადგენს. უნდა გასაჯაროვდეს მოლაპარაკებების შინაარსი”,- განაცხადა წიკლაურმა.