საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს 2016 წლის 9 იანვარს, ბორჯომში, 17 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის გამო და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
ამასთან ერთად უჩა ნანუაშვილი არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ბავშვთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი დოკუმენტი. ამდენად, ვერ ხერხდება პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და რისკ–ფაქტორების შესწავლა და აღნიშნული ფენომენის აღმოსაფხვრელი პრევენციული ზომების მიღება. სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა სსკ–ს 115–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე ბრალდებული პირის იდენტიფიცირება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკისრება სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. კერძოდ, მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება და მისი ჯანსაღი განვითარება.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC) შეშფოთებულია მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არასრულწლოვანთა სუიციდის მზარდი მაჩვენებლით და მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ეფექტიანი ზომები აღნიშნული ფენომენის გასააზრებლად და მისი პრევენციისა და აღმოფხვრისათვის განახორციელონ მხარდაჭერისა და ინტერვენციის პროგრამები.
არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის გამომწვევი ფაქტორები მრავალგვარია და განსაკუთრებულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. მაგალითად, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი თავის N13 ზოგად კომენტარში (ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის უფლების შესახებ) ბავშვთა მიმართ ძალადობას განმარტავს, როგორც არასრულწლოვანთა სუიციდის ერთ–ერთ მთავარ მიზეზს. ამასთან, კომიტეტმა როგორც 2008 წლის დასკვნით შენიშვნებში საქართველოს მიმართ და თავის N15 ზოგად კომენტარში (ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი შესაძლებელი სტანდარტით სარგებლობის შესახებ), ხაზი გაუსვა სუიციდური ქცევების პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობას და ამ კუთხით შესაბამისი ზომების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებმა – მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა ბავშვის უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის პრევენციის მიმართულებით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ბავშვთა თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები აღნიშნულის აღმოსაფხვრელად – დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვნებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესამუშავებლად და უზრუნველყოს ამ პროცესში ექსპერტების, სპეციალისტებისა თუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით, განახორციელოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს სახალხო დამცველი, საკუთარი ინიციატივით, თვალყურს მიადევნებს პასუხისმგებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას”- ნათქვამია განცხადებაში.