კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მოუწოდებს ყველას, რომ შეწყვიტონ შიმშილობა.
მისი თქმით, პროტესტის გამოსახატად სხვა რბილი ფორმებიც არსებობს.
“რასაკვირველია, ყველა პატიმარს აქვს შიმშილობის უფლება. ასევე, რასაკვირველია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ შიმშილობა აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება, ამ მოწოდებას არ იზიარებდე ან არ ეთანხმებოდე. უფრო მეტიც, მინდა, ამ მოწოდებაში გავაერთიანო ყველა ის ადამიანი, ვინც პარლამენტის შენობაში ან პარლამენტის შენობის მიღმა შეუერთდა ამ პროცესს.
შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ის არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი, იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები მალე შეწყვეტენ პროტესტის ამ ფორმას. პროტესტისთვის მრავალი სხვა ფორმა არსებობს და რასაკვირველია, შეიძლება, სხვა უფრო რბილი ფორმების გამოყენება, რათა პროტესტი, შესაბამისად, ის აზრი და პოზიცია, რომლისთვისაც ის პროტესტია, გამოხატულ იქნა”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 48 დღეა შიმშილობს. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ნაციონალური მოძრაობის ათმა დეპუტატმა.

