საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მისაღები და იმედისმომცემი იყო.
მისი თქმით, სააკაშვილი უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რაც ძალიან მალე შეიცვლება.
„სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტები მესმოდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ დადებითისკენ წავიდა ეს ყველაფერი, თითქოს, ამჯერად პრეზიდენტის გამოსვლა მისაღები და იმედისმომცემი იყო. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა იყოს პროცესი საჯარო, გამჭვირვალე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი და არაფრთხილი გამოთქმა იწვევს მერე ღელვას საზოგადოებაში და შეიძლება ეს ავიცილოთ რაღაცნაირად თავიდან და ლაპარაკი იყო მთლიანად იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ჯანმრთელობა ადამიანის. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად შეიცვლება ვითარება, ამ გამოსვლამ ასეთი მოლოდინი გამიჩინა. უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი და შესაბამისად, მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ბევრად რთულია. ამასთან, ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.

